Georgian Health Physics Association

Georgian Chapter - U.S. Health Physics Society

რადიაციის მონიტორინგი საქართველოში

Posted by Georgian Health Physics Association on March 25, 2011 at 12:33 AM

იაპონიაში 11 მარტს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას და ცუნამს მოჰყვა რიგი აფეთქებები ფუკუშიმა 1–ის ატომურ ელექტროსადგურზე და რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვა ატმოსფეროში. საქართველოში ამის თაობაზე დაბეჭდილი სტატიების უმეტესობა სპეკულირებს იდეით, რომ რადიაციის “მოღწევა” საქართველომდე “პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად დასაშვებია.” თუმცა რა აძლევთ შესაძლებლობას ამ სტატიების ავტორებს გამოიტანონ ეს დასკვნები ჩემთვის გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი რომ აღნიშნული დასკვნები არ ეფუძნება არანაირ გაზომვებსა თუ ცდებს. მინდა გაგაცნოთ მხოლოდ ფაქტები ფუკუსიმაში მიმდინარე მოვლენებზე და მათ ზაგავლენაზე რადიაციულ ფონზე მსოფლიოში, დასკვნები კი იმის შესახებ მიაღწევს თუ არა რადიაცია საქართველომდე მკითხველს მივანდოთ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ რადიაციული უსაფრთხოების სამსახური უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს საქართველოში რადიაციული ფონის ადგილზე შემოწმებას და ფილოსოფიური სპეკულაციების ნაცვლად დასკვნები გამოიტანონ რეალური მონაცემებიდან. ამ დრომდე ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ჯგუფი ცდილობს საწვავის გაგრილებას როგორც რეაქტორებში ასევე გადამუშავებული საწვავის გამაგრილებელ რეზერვუარებში იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული მორიგი რადიაქტიული მასალის გამოფრქვევა ატმოსფეროში. თუმცა ბოლო ინფორმაციით რეაქტორების მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 კილომეტრის რადიუსში, რადიაციის დონე 1600–ჯერ აღემატება ნორმას. ასევე რადიოაქტიური იოდი (I-131) აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა საკვებ პროდუქტში, მაგალითად: რძეში და ისპანახში. იოდის კვალი ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში. ფუკუშიმას თავზე წარმოქმნილი რადიოაქტიური ნივთიერებების ღრუბელი ქარმა გაავრცელა სხვასასხვა ქვეყნების მიმართულებით. დღესდღეობით ჰაერში რადიოაქტიური იოდის შემცველობა დაფიქსირდა ა.შ.შ–ში, კერძოდ კი შემდეგ შტატებში: კალიფორნია, ვაშინგტონი და აიდაჰო. აიდაჰოში იოდის კონცენტრაციამ ჰაერში მიაღწია 0.5 პიკოკიურის კუბურ მეტრში. მართალია ეს კონცენტრაცია ძალიან მცირეა და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რადიოაქტიური ფონის ყოველდღიური მონიტორინგი მნიშვნელოვანია უფრო დიდი საფრთხის შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვეკითხები რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს: თუ რადიაციამ მიაღწია ამერიკამდე, რომელიც უფრო შორსაა იაპონიიდან ვიდრე საქართველო, რა გვაძლევს იმის საფუძველს ვიფიქროთ რომ საქართველო რადიაციისგან დაცულია?

Categories: Media, Georgia, World

Post a Comment

Oops!

Oops, you forgot something.

Oops!

The words you entered did not match the given text. Please try again.

You must be a member to comment on this page. Sign In or Register

0 Comments